ვახტანგ კვარაცხელია: “გუნდიდან დიდი მხარდაჭერით ადვილად გადავიტანე ის მძიმე პერიოდი“
თარიღი: 30.08.2012


   24 წლის თავდამსხმელი ვახტანგ კვარაცხელია წელიწადია, რაც ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხის ტრავმის გამო ვერ ეხმარება, თუმცა მის მიმართ ნდობა ჩვენს გუნდში არავის დაუკარგავს, რის გათვალისწინებითაც ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი 2015 წლამდე გაუხანგრძლივეს. „კვარასთვის“ ფეხბურთის უსიამოვნო თანხვედრის პერიოდმა განვლო და იგი სავარაუდოდ, მოკლე ხანში დაუბრუნდება მოედანს. ალბათ, გულშემატკივართათვის ფრიად საინტერესო იქნება ქუთაისელი ფეხბურთელის მოსაზრებები საინტერესო თემებზე.

   - ვახო, პირველ რიგში გვითხარი ამჟამად ფეხის მდგომარეობა როგორია და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სავარაუდოდ, როდიდან დაეხმარები ჩვენს გუნდს ოფიციალურ მატჩებში?

   - შეიძლება ითქვას, უკვე ყველანაირ დატვირთვას გავუძლებ. დიდი ხანია, რაც ივო კატუშიჩის განკარგულებაში ვარ და ვემზადები, აუცილებლად მინდა ავღნიშნო მისი გულმოდგინე და ნაყოფიერი შრომა ჩემს გამოსაჯანმრთელებლად, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოვუხდი.

   მითხრეს, რომ რუსთავის „მეტალურგთან“ თამაშის შემდეგ დავიწყებ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს. ვნახავთ როგორ წარიმართება ჩემი ვარჯიშები და იმის მიხედვით გავიგებთ როდის შევძლებ თამაშს. ღმერთის წყალობით, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში მოხდება ეს.

   - მკურნალობის უმთავრესი ფაზა გავლილი გაქვს, ბუნებრივია, განიცდიდი ამ ხნის მანძილზე, რომ ვერ თამაშობდი...

   - ტრავმა ფეხბურთში საკმაოდ ხშირია და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მთლიანად გუნდს გვერდში დგომისთვის. ფეხბურთელები, მწვრთნელები, ხელმძღვანელები - მათგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი, რამაც მარტივად გადამატანია ის მძიმე პერიოდი. მადლობა ღმერთს სასოწარკვეთაში არ ჩავვარდნილვარ. ყველა ხელს მიწყობს, რომ მალე ჩავდგე ოპტიმალურ ფორმაში.

   - თვლი, რომ უკვე მზად ხარ თამაშისთვის, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად?

   - მზად ვარ დავიწყო სრული შემართებით ვარჯიში, მთავარია, ფეხმა აღარ შემიშალოს ხელი. ტრავმის დრო აღარ არის, ისედაც ბევრი გამიცდა. ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს და საბრძოლო განწყობა იმისა, რომ ოფიციალურ მატჩებში მალე ვითამაშებ.

   - სხვა თემებსაც შევეხოთ... შენი აზრით, „ტორპედოს“ მაქსიმუმი რა იქნება მიმდინარე სეზონში?

   - მაქსიმუმი ჩემპიონობა და თასის მოპოვება იქნება. ეს გუნდს შეუძლია და გამოჩნდა კიდევაც გასულ თამაშებში, „დინამოსა“ და „ზესტაფონთან“ მატჩებიდან, რომ ერთი თავით მაღლა ვიდექით ამ გუნდებზე, რომლებიც ჩემპიონატის ფავორიტები არიან. მათთან შეხვედრით ყველამ დაინახა, რომ არაფერი იქნება მოულოდნელი იმ მიღწევაში, რაც ზემოთ ვახსენე, პირიქით დიდი შანსი არის ამის.

   - ჩვენს გუნდში ამჟამად შენის ჩათვლით ერთბაშად ხუთი თავდამსხმელია, როგორ ფიქრობ, მათთან კონკურენციას რამდენად გაართმევ თავს?

   - ძალიან კარგია კონკურენცია რომ არის, რის გამოც მოდუნების საშუალება არ მექნება არც მე და არც დანარჩენებს. ყველა მათგანს დიდ პატივს ვცემ და შესაბამისად კონკურენტებადაც ვერ აღვიქვავ, იმდენად კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან.

   - ახლანდელ „ტორპედოზე“ რას იტყვი?

   - მეკარიდან დაწყებული თავდასხმის რგოლის ჩათვლით, მებრძოლი, ტექნიკური და ტაქტიკურად განათლებული გუნდია. სამწვრთნელო შტაბი კიდე ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში და დაეტყო კიდეც მათი ხელი უკვე გუნდს. ხელმძღვანელობა ყველაფერში გამოხატავს თანადგომას და ვფიქრობ, პოტენციალიც უფრო მეტი გვაქვს.

   - ბოლოს, "ტორპედოს" გულშემატკივრებს მიმართე, რომლებიც შენს დაბრუნებას მოუთმენლად ელიან...

   - პირველ რიგში, მადლობა თქვენ ჩემდამი ნდობისთვის. თავს დავდებ ყველა თამაშზე რამდენჯერაც მომეცემა ამის საშუალება. თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს მთელ გუნდს და სწორედ ასეთი ერთობით ჩვენ დასახულ მიზნებს მივაღწევთ.

- გააზიარე ფეისბუქზე    -
გათამაშების ცხრილი
#გუნდი
1 დინამო თბილისი 32 21 5 6 68
2 ზესტაფონი 32 19 5 8 62
3 სიონი 32 16 7 9 55
4 ჩიხურა 32 13 7 12 46
5 მეტალურგი 32 13 6 13 45
6 გურია 32 12 0 20 36
7 ტორპედო 32 14 6 12 48
8 ვიტ ჯორჯია 32 13 6 13 45
9 დილა 32 11 8 13 41
10 სპარტაკი 32 12 4 16 40
11 ზუგდიდი 32 10 6 16 36
12 მერანი 32 6 4 21 22
მომდევნო თამაში
ბოლო თამაში
მერანი - ტორპედო
0:1

დაწვრილებით