თამაშები
1/4 ფინალი (მეორე) 20.03.2014 14:30
დილა 2:0 ტორპედო
1:0 კობა შალამბერიძე 3', 2:0 გურამ გურეშიძე 61'
მატჩის შესახებ
გორულ-ქუთაისური მატჩი საკმაოდ მძიმე საცქერი გამოდგა. ნელი ტემპი, ნაკლები დაძაბულობა და ერთიანობაში ცუდი სანახაობრივი მხარე თამაშის აშკარა ნაკლოვანებები იყო, რაშიც, ალბათ, ერთ-ერთი „დამნაშავე“ სტადიონის დისკვალიფიკაციის გამო არსებული ცარიელი ტრიბუნებიც გახლდათ. თუმცაღა შეხვედრის დასაწყისი მოვლენების ასეთ განვითარებას არ გვიწინასწარმეტყველებდა. ანგარიში მე-3 წუთზე, ცოტა არ იყოს უცნაურად გაიხსნა, როცა კობა შალამბერიძემ „დილას“ მოედნის ნახევრიდან დაწყებული დრიბლინგი „ტორპედოს“ საჯარიმოში შესვლით და ზუსტი დარტყმით ისე დაასრულა, რომ მისთვის ხელის შეშლა ვერცერთმა ტორპედოელმა ვერ შეძლო - 1:0. შემდეგი საგოლე მომენტი საკმაოდ გვიან, მე-40 წუთზე შეიქმნა, როცა გოლის ავტორი დუბლის შესრულებას თითქმის იმავე ადგილიდან დარტყმით ეცადა, ბურთმა ძელისგან დატოვა მოედნის ფარგლები. სტუმრების გააქტიურების დრო იყო, მაგრამ ისინი მეტოქე მეკარესაც კი ძალზე იშვიათად აწუხებდნენ. ბურთს ხან ერთი და ხან მეორე გუნდი ძირითადად მოედნის ცენტრში აკონტროლებდა. ტაიმიც გართულებების გარეშე გაილია.

თამაშის სურათი განსაკუთრებით არც მეორე ტაიმში შეცვლილა. „დილას“ სასურველი სცენარით მიჰყავდა მატჩი. 61-ე წუთზე, შალამბერიძის საგოლე გადაცემით გურამ გურეშიძემ დააფიქსირა საბოლოო ანგარიში - 2:0. დარჩენილ დროში ქუთაისელებს ვა-ბანკზე წასვლაც არ გამოუვიდათ ხეირიანად. „დილას“ კი შეეძლო კიდევ ესარგებლა მეტოქის დაბნეულობით, მაგრამ ამაოდ... ჩვენმა გუნდმა სახიფათო მომენტები მხოლოდ ბოლო თხუთმეტ წუთში შექმნა: გოგიჩაიშვილის სუსტი შორეული დარტყმა ლეგაშვილისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, ღონღაძის დარტყმული უშედეგო იყო, ადამაძეს მეკარემ მოუგერია, ბოლო წუთზე კი გოგიჩაიშვილი-ღონღაძე-ღვიტიძის კომბინაცია საჯარიმოს ხაზიდან ამ უკანასკნელის არაზუსტი დარტმით დაბოლოვდა. „დილამ“ 2 მატჩის ჯამში 4:1 გვაჯობა და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა, "ტორპედო" კი მიმდინარე გათამაშებასაც(როგორც წინას) მეოთხედფინალიდან გამოეთიშა.
1/4 ფინალი (მეორე) 20.03.2014 14:30 დილა 2:0 ტორპედო
1/4 ფინალი (პირველი) 22.02.2014 14:00
ტორპედო 1:2 დილა
1:2 ოთარ კვერნაძე 90' 0:1 ალექსანდრე კვახაძე 36', 0:2 ლევან კორღალიძე 83'
მატჩის შესახებ
განახლებული გუნდის სანახავად ინტერესით გამსჭვალული 2 500-მდე ადგილობრივი გულშემატკივარი(უფასოდ) დაესწრო ქუთაისურ მატჩს, რამაც საკმაოდ კარგი ატმოსფერო შექმნა. ამინდიც ცუდი არ ყოფილა - ოდნავ მოძლიერებულ ქარს თუ არ ჩავთვლით.

როგორც წლის პირველ თამაშს შეეფერება, დაწყებისთანავე გუნდების შეტევებში ხშირი იყო უზუსტო გადაცემები, რაც ორივე მხარეს მეტ-ნაკლებად შეინიშნებოდა. რევაზ ძოძუაშვილმა დაცვითი ტაქტიკა აირჩია, თუმცა ყურადღება არამხოლოდ კარის უსაფრთხოებას დაუთმო და პირველ რეალურ საგოლე მომენტებამდეც სწორედ ტორპედოელები მივიდნენ. მე-18 წუთზე, მოედნის ცენტრში გამწესებულმა მამასახლისმა, რომელიც ტრავმის გამო შეცვალეს, ლექვთაძე გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ ამ უკანასკნელმა დარტყმული ვერ მოზომა. 24-ე წუთზე, ჩიკვილაძემ დაახლოებით 30 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა ლამაზად გაუშვა პირდაპირ კარში, მაგრამ მეკარემაც არანაკლებ კარგად იმოქმედა ბურთის მოგერიებისას. 27-ე წუთზე, კვარაცხელიამ გვიპასუხა სახიფათო, მაგრამ უვნებელი „სტანდარტით“. ამას მოჰყვა კოშკაძის მიერ მასპინძელთა საჯარიმოს ხაზიდან გაცუდებული დარტყმა. 36-ე წუთზე კი სტუმრებმა გაიხარეს, კოშკაძის მიერ ჯარიმიდან ჩაწოდებულ ბურთს სწორი პოზიციისკენ მირბენილმა ალექსანდრე კვახაძემ უთავაზა საგოლედ - 0:1. პირველი ტაიმიც ასეთი ანგარიშით დასრულდა.

თამაშის მეორე ნახევარში უპირატესობა მეტწილად „ტორპედოს“ მხარე გადავიდა. გარდა 2-წუთიანი მონაკვეთისა, როცა კვარაცხელიამ ვერ გამოიყენა ანგარიშის სხვაობის გაზრდის მაღალპროცენტიანი შანსები. ჯერ ქუთაისელთა ახალმა კაპიტანმა კვასხვაძემ აჯობა მასთან პირისპირ გასულს, მერე კი გორელთა თავდამსხმელმა 15 მეტრიდან ვერ დაუმიზნა კარს. თამაშის მესამე ნაწილის დაწყებიდან კი მასპინძელთა დომინირება თანდათან უფრო იგრძნობოდა. 65-ე წუთზე, ღონღაძის ჩაწოდებით მახვილი კუთხიდან ბურთს ადამაძემ დაარტყა ნახტომში, მაგრამ დარტყმულს სიძლიერე აკლდა და შეყრილაძესაც მასზე დაუფლება არ გასჭირვებია. 73-ე წუთზე, კვერნაძემ დაჰკრა საჯარიმოს ხაზიდან, მაგრამ ბურთი კარის ჩარჩოში არ წასულა. მე-80 წუთზე, ღონღაძის თავური დარტყმით სტუმართა მეკარემ დაიმორჩილა ბურთი. მაშინ, როცა გააქტიურებული „ტორპედოს“ შემხედვარეთ მოლოდინი ანგარიშის გათანაბრებისკენ ჰქონდათ, გოლიც გავიდა, ოღონდ საპირისპირო კარში, „საჩუქარს“ უარი არ უთხრა ლევან კორღალიძემ, რომელმაც მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა გაიტანა - 0:2. დარჩენილ დროში ქუთაისელებმა მაინც შეძლეს მათ საგოლე გრაფაში 1-იანის ჩაწერა, 90-ე წუთზე ჭედიას პასით ოთარ კვერნაძემ მარჯვენა მახვილი კუთხიდან აიღო მეტოქის კარი - 1:2. მატჩის ასეთი შედეგით, ბუნებრივია, ნახევარფინალს უფრო ჩვენი მეტოქე მიუახლოვდა, თანაც საკმაოდ, თუმცა 20 მარტს, გორში ჩასატარებელი საპასუხო მატჩი, როგორც მინიმუმ, ფორმალობა ნამდვილად არ იქნება...
1/4 ფინალი (პირველი) 22.02.2014 14:00 ტორპედო 1:2 დილა
1/8 ფინალი (მეორე) 30.10.2013 14:00
სპარტაკი 2:2 - პენალტები 5:6 ტორპედო
1:0 თორნიკე თუხარელი 4', 2:1 თეიმურაზ შონია 66' 1:1 ნიკა კვეკვესკირი(ავტოგოლი) 20', 2:2 ნიკა ახვლედიანი 79'
მატჩის შესახებ
ბუნებრივია, გუნდები ქუთაისური შეხვედრის შედეგით(2:2) ხელმძღვანელობდნენ და ერთმანეთის წინააღმდეგ სწორედ აქედან გამომდინარე ჰქონდათ ტაქტიკა შერჩეული - „ტორპედოს“ მთავარი საზრუნავი შეტევა იყო, რაზეც „სპარტაკი“ ნაკლებად ფიქრობდა.

პირველი მატჩი ვახსენეთ და აქვე ვთქვათ, რომ დღევანდელ შეხვედრაში გოლების თანმიმდევრობა იდენტური იყო... მატჩის დასაწყისში განვითარებული მოვლენები, ალბათ, ბევრისთვის არაპროგნოზირებადი გახლდათ, ვინაიდან ანგარიში მასპინძელთა რანგში მყოფებმა გახსნეს, თანაც მე-4 წუთზე, როცა მცველების მხედველობიდან გამორჩენილმა თორნიკე თუხარელმა დაარტყა თავით საგოლედ - 1:0. ყოველივე ამან მიზნის მისაღწევად „ტორპედოს“ საქმე გაურთულა, თუმცა მალევე, საბედნიეროდ, მეტოქის „საჩუქარმა“ გააუმჯობესა ჩვენი ვითარება. მე-20 წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან გაბაძის მიერ ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ნიკა კვეკვესკირმა ჩაჭრა - 1:1. „ტორპედო“ მხოლოდ ბურთის კონტროლში იყო მოწოდების სიმაღლეზე, რაც შეეხება სახიფათო მომენტებს, ამ კომპონენტში ქუთაისელთა გადამწყვეტი ინიციატივები არ ტოვებდა კარგ შთაბეჭდილებას. პირველი ტაიმის დასრულებამდე „ტორპედოს“ გატანის შესაძლებლობა კიდევ ჰქონდა: ფანცულაიას დარტყმული არაზუსტი გამოდგა, კაპანაძეს კი მეკარე ნანიევმა მოუგერია ბურთი. სპარტაკელთაგან კი: მეტრეველი, ჩაფიძე და თუხარელი გამოირჩეოდნენ, რომლებიც არც თუ ისე მცირე პრობლემებს უქმნიდნენ სტუმართა დაცვას.

თამაშის მეორე ორმოცდახუთ წუთში უპირატესობას კვლავ „ტორპედო“ ფლობდა, მაგრამ 66-ე წუთზე, კონტრშეტევის შედეგად, ისევ „სპარტაკი“ გავიდა წინ, ამჯერად თეიმურაზ შონიას შორეული დარტყმით - 2:1. ამის შემდეგ ჟერარდ სარაგოსას შეგირდები მეტოქის ნახევარზე დამკვიდრნენ, მაგრამ მათ რაიმე ღირებულის შექმნა მეტწილად მანამ არ გამოუვიდათ, სანამ 79-ე წუთზე, ერთ-ერთმა სპარტაკელმა მისსავე საჯარიმოსთან ახლოს ითამაშა ხელით. „სტანდარტი“ შეცვლაზე შესულმა 18 წლის ნიკა ახვლედიანმა შეასრულა და „ტორპედოს“ რიგებში მისი პირველი და თანაც, ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა - 2:2. თამაშიც დამატებით დროში „გადაიზარდა“...

15-წუთიანი ტაიმების უფრო მეტი დრო ქუთაისელთა კარნახით წარიმართა, მაგრამ ჩვენს გუნდს საგოლე მომენტების შექმნა ისევ უჭირდა. ამ ნახევარ საათში მხარეებს განსაკუთრებული არაფერი შეუთავაზებიათ მაყურებელთათვის. ბოლოსკენ ორივე გუნდს დაღლა დაეტყოთ და საქმეც თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დარტყმების შესრულება გახდა საჭირო... „ტორპედო“ ისევ აგებდა, მაგრამ მეტოქის არაზუსტი პენალტებით იხეირა და მძიმე ბრძოლაში მეოთხედფინალის საგზურის მოპოვება მოახერხა.

პენალტები: 1:0 მგელაძე, 1:1 გიგაური, 2:1 თექთურმანიძე, 2:2 ჭანტურია, 3:2 ბურძენაძე, 3:2 ჭელიძე(ააცილა), 4:2 ფანცხავა, 4:3 ცინცაძე, 4:3 კვეკვესკირი(ააცილა), 4:4 ახვლედიანი, 5:4 ქურდაძე, 5:5 ხიდეშელი, 5:5 ჩაფიძე(ააცილა), 5:6 კაპანაძე.
1/8 ფინალი (მეორე) 30.10.2013 14:00 სპარტაკი 2:2 - პენალტები 5:6 ტორპედო
1/8 ფინალი (პირველი) 25.09.2013 17:00
ტორპედო 2:2 სპარტაკი
1:1, 2:2 ნიკა საბანაძე 47', 75' 0:1, 1:2 ვახტანგ ფანცხავა 19', 53'
მატჩის შესახებ
დღევანდელ მატჩში ჟერარდ სარაგოსა მულეტმა „ტორპედო“ ოდნავ გადახალისებული შემადგენლობით გაიყვანა მოედანზე.

თამაშის დაწყებისთანავე „ტორპედო“ შეტევაზე იყო ორიენტირებული, „სპარტაკი“ კი კონტრიერიშებით გვპასუხობდა, რაც საკმაოდ სახიფათო გამოდიოდა. მე-18 წუთზე, მეტრეველი დარჩა პირისპირ ქვილითაიასთან, მაგრამ ჩვენმა კაპიტანმა ოპონენტს აჯობა. იქამდე კი ტორპედოელთაგან საბანაძე, მზევაშვილი და სულთანიშვილი ცდილობდნენ ბურთის მიზანში გარტყმას, მაგრამ არცერთ მათგანს არ გამოუვიდა. მე-19 წუთზე, ტორპედოელთა დაცვით ხაზს ვახტანგ ფანცხავა გამოეპარა, რომელმაც ანგარიში გახსნა - 0:1. 25-ე წუთზე, საშუალო დისტანციიდან მზევაშვილი დარტყმული ბურთი მეკარეს მიუვიდა ხელებში. 30-ე წუთზე, „სპარტაკი“ სამჯერ გადაურჩა გათანაბრებას, ჯერ საბანაძეს მოუგერია მეკარემ, მერე კუთხურის შემდეგ ცინცაძეს, ბოლოს კი ჩამატებაზე ჭელიძემ იმოქმედა არაზუსტად. „ტორპედო“ შესვენებაზე მდევრის რანგში გავიდა.

მეორე ტაიმში „ტორპედო“ უფრო მეტად გააქტიურდა, რამაც მალევე გამოიღო შედეგი, 47-ე წუთზე, ნიკა საბანაძემ დაახლოებით 30 მეტრიდან ელეგანტური დარტყმით ბურთი ნანიევის კარში „ჩაჭედა“ და ანგარიში გაათანაბრა - 1:1. 50-ე წუთზე, საბანაძის მორიგი სახიფათო დარტყმა მეკარემ გააუვნებელყო. 53-ე წუთზე, სტუმართა იშვიათი შეტევა გოლით დასრულდა, მარცხენა მხრიდან ჩაწოდებული ბურთი ქვილითაიამ ვერ შეიმაგრა ხელებში, რითაც ვახტანგ ფანცხავამ ისარგებლა და მეორედ გაიტანა - 1:2. 55-ე წუთზე, ნანიევმა ამჯერად კუხიანიძეს მოუგერია ბურთი. 73-ე წუთზე, უბილავამ ბურთი კარგად ჩააწოდა კარის გასწვრივ, სადაც მას ნიკა საბანაძე გამოეხმაურა და ეფექტური თავური დარტყმით მანაც მიითვალა დუბლი - 2:2. დარჩენილი ოც წუთშიც, „სპარტაკმა“ დროის გაყვანის არაერთ ხერხს მიმართა და წარმატებით გამოუვიდა კიდეც და რომ არა, ქვილითაიას მოსაწონი თამაში მათ, 87-ე წუთზე, კიდევ ერთხელ დაწინაურებაც შეეძლოთ.. იქამდე, მე-80 წუთზე, სტუმრებს ხარიხამ „უშველა“, მოკლედ, ანგარიში აღარ შეცვლილა და ამ წყვილს შორის გამარჯვებული საპასუხო მატჩით ოქტომბრის ბოლოს გამოვლინდება.
1/8 ფინალი (პირველი) 25.09.2013 17:00 ტორპედო 2:2 სპარტაკი
გათამაშების ცხრილი
#გუნდი
1 დინამო თბილისი 27 18 4 5 58
2 ზესტაფონი 27 15 4 8 49
3 სიონი 27 14 6 7 48
4 ჩიხურა 27 12 6 9 42
5 მეტალურგი 27 11 6 10 39
6 გურია 27 11 0 16 33
7 ვიტ ჯორჯია 27 10 6 11 36
8 ტორპედო 27 10 6 11 36
9 დილა 27 9 8 10 35
10 სპარტაკი 27 9 4 14 31
11 ზუგდიდი 27 7 6 14 27
12 მერანი 27 6 4 17 22
მომდევნო თამაში
სპარტაკი - ტორპედო
26.04.2014
16:00
ბოლო თამაში
ტორპედო - მერანი
5:1

დაწვრილებით