მთავარი არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი(თბილისი), ასისტენტები: გურამ ჩიგოგიძე(ტყიბული)/ზაზა ფიფია(თბილისი), სათადარიგო მსაჯი:ოთარ ხეცაძე(თბილისი)
მატჩის შესახებ
შეხვედრის საწყისი წუთები ქუთაისელთა გამოკვეთილი უპირატესობით მიმდინარეობდა და უკვე მე-5 წუთისთვის ტორპედოელებს "დინამოს" კარში სამი შორეული დარტყმა ჰქონდათ განხორციელებული. ლორია დათუნაიშვილის, დოლიძისა და გოცირიძის დარტყმებზე დამაჯერებლად თამაშობდა.
12' - დოლიძე მარჯვენა ფლანგიდან შევიდა მეტოქის საჯარიმოში, მისი დარტყმა არაზუსტია.
14' - კუხიანიძის შორი დისტანციიდან დარტყმა და რიკოშეტით ბურთი მასპინძელთა კარში მიდიოდა, მაგრამ მეტოქე მეკარემ იყოჩაღა და იგი კუთხურზე მოიგერია.
15' - კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე თამაში ყველას გამეზარდაშვილმა დაასწრო, მაგრამ "ბაიანოს" მიზანმა ოდნავ უმტყუნა.
"ტორპედო" სათამაშო ინიციატივებს ფლობდა და გოლის გატანის აქტიურმა მცდელობებმა შედეგი გამოიღო.
30' - მარცხენა ფლანგიდან კუხიანიძის ჩაწოდებულ ბურთს საჯარიმო ხაზთან მყოფმა გიორგი დათუნაიშვილმა ვარდნაში დაუხვედრა ფეხი, მეტოქის კარი ეფექტურად დალაშქრა და "ტორპედო" წინ გაიყვანა - 0:1.
32' - ტორპედოელებმა კიდევ ერთხელ აიღეს მეტოქის კარი, მაგრამ გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობის მანიშნებელი ალამი აწია და გოლიც გაუქმდა.
35' - ხიზანეიშვილის შესრულებული "სტანდარტიდან" ბურთი მიგინეიშვილმა აიღო ხელებში.
პირველი ტაიმიც ლოგიკური შედეგით, ჩვენი გუნდის გამარჯვებით(1:0) დასრულდა.
მეორე ნახევარი "დინამომ" ორმაგი ცვლილებით დაიწყო და ამან მასპინძლები ცოტათი გააქტიურა.
50' - რობერტინიო შეიჭრა "ტორპედოს" საჯარიმოში, დარტყმის მომენტში კი გურულმა ააცალა ბურთი ფეხიდან.
52' - ალვაროს მიერ ახლოდან თავური დარტყმით მიგინეიშვილმა რთული ბურთი აიღო.
გია გეგუჩაძის შეგირდები კარის დაცვასთან ერთად შეტევებზეც ფიქრობდნენ და ხშირად გადადიოდნენ კიდეც.
63' -ალექსანდრე კვახაძე აბრიტრმა დროის გაყვანაში დაადანაშაულა და ყვითელი ბარათით დასაჯა, რითაც ფეხბურთელი "ყვითლების" გამო მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს.
65' - დიღმელაშვილის მიერ დაახლოებით 25 მეტრიდან დარტყმით ბურთი კარს გადასცდა.
71' - ალვაროს დარტყმა და ბურთს მიგინეიშვილი იგერიებს კუთხურზე.
ამის შემდეგ, ბურთით კვლავ "ტორპედო" დომინირებდა და მეტოქეს სივრცეებს მაქსიმალურად უზღუდავდა.
87' - "დინამოს" საჯარიმოში არეულობით გოცირიძემ ბოლომდე ითამაშა, თუმცა მასპინძლებმა შეცდომა, თავადვე გამოასწორეს.
საბოლოოდ, "ტორპედოს" თამაშის გამარჯვებამდე საქმის მიყვანა არ გასჭირვებია და ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში, გიორგობას, "დინამოს" სიმბოლურად, გიორგი დათუნაიშვილის გოლით დამსახურებულად სძლია(1:0), ამასთან ერთად, უმაღლეს ლიგაში თბილისელთა მიღწეულ 14-მატჩიან წაუგებელ სერიას წერტილი დაუსვა და პლეი ოფში სტუმრად პირველად მოიგო.