მთავარი არბიტრი: ადამ ლიშმანსკი, ასისტენტები: კრჟისტოფ მირმუსი/მასიე დასკიევიში, სათადარიგო მსაჯი: რობერტ მალეკი(ყველა პოლონეთი)
მატჩის შესახებ
ყაზახური “აქტობესა” და ქუთაისის “ტორპედოს” განმეორებით შეხვედრაში (1:0), ნათლად გამოჩნდა, რომ შუააზიელებს გაცილებით უკეთესი გუნდი ჰყავთ და ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვეს. ვლადიმირ მუხანოვის შეგირდებმა ქუთაისელთა კარს ნამდვილი დაბომბვა მოუწყვეს და რომ არა მეკარე ომარ მიგინეიშვილის ბრწყინვალე გარჯა, ტაბლოზე გაცილებით დიდი ანგარიში დაფიქსირდებოდა. მატჩის შემდეგ, ყაზახების ბრწყინვალედ ორგანიზებულ ქომაგობას ყველა აღნიშნავდა, მათ შორის გუნდების მთავარი მწვრთნელებიც. აქტობელებმა “ცენტრალური” ბოლომდე შეავსეს და კარგი საფეხბურთო გარემოც შეიქმნა. ერთადერთი, რაც წინასამატჩო ვითარებას ხელს უშლიდა, 36 გრადუსი ცელსიუსი სიცხე იყო. ქუთაისელთაგან განსხვავებით, ყაზახები ასეთ პირობებში თამაშს მიჩვეულნი რომ არიან, აშკარად გამოჩნდა. თანაც, ცხელი ქარი ქროდა, რაც ერთობ უსიამოვნო და ხელისშემშლელია.
მატჩის დაწყებამდე დაახლოებით ორი საათით ადრე გამოვცხადდით სტადიონზე. შესასვლელშივე იგრძნობოდა, რომ გულშემატკივრის ინტერესი დიდი იყო. გამკაცრებული გახლდათ დაცვის სისტემა. უეფას დელეგატებთან ერთად, ადგილობრივი სამართალდამცავების დიდი არმიაც გულმოდგინედ ამოწმებდა სტადიონზე მისულ სტუმრებს. მატჩის დაწყებამდე 20-25 წუთით ადრე, სტადიონი თითქმის სავსე იყო, უშუალოდ სასტვენამდე კი, როგორც უკვე ვთქვით, ბოლომდე შეივსო.
ქუთაისელთა ნახევარმცველმა ვალერი ბოლქვაძემ მატჩის დებიუტშივე სცადა “აქტობეს” კარის აღება, მაგრამ მარცხენა ფეხით დარტყმული ბურთი კარს არცთუ დიდი მანძილით ააცილა. ქართველთათვის პასუხის გაცემა იური ლოგვინენკომ ითავა – საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი ცოცხალ კედელშიც გააძვრინა, მაგრამ ეს მიზნის მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ამის შემდეგ, მასპინძლებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და აღარც დაუთმიათ. მე-15 წუთზე, რიონისპირელთა კარის ბადე შეირხა კიდეც, მაგრამ, საბედნიეროდ, გვერდითმა არბიტრმა სამართლიანი თამაშგარე დააფიქსირა და გოლი გაუქმდა. გულშემატკივრებით შეგულიანებულმა აქტობელებმა შეტევა კიდევ უფრო გააძლიერეს. “ტორპედოს” მხრიდან ერთადერთ ნათელ წერტილად მეკარე მიგინეიშვილი მოჩანდა, რომელიც ადგილობრივმა კომენტატორმა თბილისის “დინამოს” ლეგენდარულ მეკარეს – ოთარ გაბელიასაც კი შეადარა. 10-წუთიან მონაკვეთში, მიგინეიშვილმა ორი ურთულესი დარტყმა მოიგერია – ჯერ მარატ ხაირულინის გასროლილი უკუაგდო ნახტომში, შემდეგ კი, თემურ კაპაძეს არ მისცა 20-მეტრიანი დისტანციიდან თავის გამოჩენის საშუალება.
სამწუხაროდ, ქუთაისელებს კარის ჩარჩოში არცერთხელ დაურტყამთ, მათ შორის კი, რომელიც კარს ააცილეს, ყველაზე სახიფათო გრიგოლ დოლიძის გასროლილი იყო – ბურთმა ხარიხას გადაუფრინა.
ტაიმის უკანასკნელ წუთებში, მასპინძელთა შეტევები კიდევ უფრო გამწვავდა. ყაზახებს სამი საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ვერცერთი გამოიყენეს. ერთ-ერთ ეპიზოდში, ბურთმა ქუთაისელთა კარის ხაზთან ძალზე ახლოსაც კი ჩაიქროლა. მორიგი შანსი ჰქონდა ბაიერს, მაგრამ ამჯერადაც მიგინეიშვილმა ივარგა და 7-8 მეტრიდან დარტყმულს ადგილზე დაუხვდა. ახლო მანძილიდან დაემუქრა “ტორპედოს” კარს “აქტობეს” კაპიტანი რობერტ პრაიმუსი, მაგრამ არც მას გაუმართლა.
შეხვედრის მეორე ნახევრის საწყის წუთებში, “ტორპედოს” საჯარიმოს სიახლოვეს, მარატ ბიკმაევმა 3-4 ფეხბურთელს საკმაოდ იოლად აუარა გვერდი და დასარტყმელ პოზიციაზეც აღმოჩნდა, მაგრამ მიგინეიშვილი ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო. სოლო-რეიდით აღტაცებული ადგილობრივი ქომაგები ამბობდნენ, მარატი ჩვენი მარადონააო. ამ ეპიზოდიდან სამიოდ წუთში, ყაზახებს მორიგი 100%-იანი საგოლე მომენტი შეექმნათ – გამჭოლ გადაცემას ემილ კენჟესარიევი დაუხვდა და 3-4 მეტრიდან ბურთი კარისკენაც გადაგზავნა, მაგრამ ქუთაისელთა კარის დარაჯმა სწორი პოზიცია შეარჩია და თავისი გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა გოლს.
75-ე წუთზე, “აქტობეს” გულშემატკივრებმა მთელი გულით გაიხარეს – მათმა ერთ-ერთმა საყვარელმა ფეხბურთელმა და ქუთაისურ მატჩში გოლის ავტორმა მარატ ბიკმაევმა შორი მანძილიდან უძლიერესი და უზუსტესი დარტყმა შეასრულა, რის შემდეგაც ბურთი “ცხრიანში” გაეხვა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მატჩს ლოგიკური და სამართლიანი დაბოლოება ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ “ტორპედოს” მთავარი მიზანი გოლი იყო, მატჩს საკმაოდ მშვიდი დასკვნითი ნაწილი ჰქონდა. ყაზახები თავსაც მშვენივრად იცავდნენ და ბურთსაც ფლობდნენ. შეიძლება ითქვას, მატჩის სადავეები ხელთ ეპყროთ და ყველაფერი მათთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა, რომლის შეცვლაც ქუთათურებმა ვერ შეძლეს.
მატჩში ანგარიში აღარ შეცვლილა. აქტობელებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს და ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვურ “მილსამს” ელიან.
მატჩის დასრულების შემდეგ, მწვრთნელების ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა. ორივე მხარემ განსაკუთრებით გამოარჩია გულშემატკივრების მაღალი დონე და მათი გავლენა უშუალოდ მატჩზე.