მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა(თბილისი), ასისტენტები: მამუკა ელიკაშვილი(თბილისი)/არჩილ კოკაია(მარტვილი), სათადარიგო მსაჯი: ალექსანდრე კრიჭაშვილი(თბილისი)
მატჩის შესახებ
იმერული და შიდა ქართლული გუნდები ერთმანეთს ბოლოს, უმაღლესი ლიგის მატჩში, გორში 4 წლის წინ შეხვდნენ, მაშინ "დილამ" ქუთაისელები მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. ქუთაისის "ტორპედოს" კი სტუმრად გორელებთან 2005 წლის 12 მარტის შემდეგ ვერ ეხეირა.
თამაშის საყურებლად შეკრებილმა 1500-მდე ქომაგმა, რომელთაგან „ქომაგთა კლუბის“ წევრებიც იყვნენ, საინტერესო მატჩი იხილა.
9’ - ადგილობრივი გულშემატკივრები გამხიარულდნენ, მიზეზი მიხეილ ჩხარტიშვილის მოედნიდან გაძევება იყო, ქუთაისელმა მცველმა მიგინეიშვილისაკენ მიმართულ მეტოქე გუნდის თავდამსხმელს შეცდომის გამოსასწორებლად მოქაჩა და არბიტრმა სილაგავამ იგი დაუყონებლივ „შეიწირა“.
13’ - დავით ჩაგელიშვილმა მახვილი კუთხიდან სახიფათოდ დაარტყა, ბურთმა მეკარისგან მარცხენა კარის ძელს ახლოს ჩაუქროლა.
22’ – კაცნაკლულობის გამო „ტორპედოს“ სამწვრთნელო შტაბმა ჩიკვილაძე ფარულავათი ჩაანაცვლა.
25’ - დოლიძემ ჩაწოდებულ ბურთს ორ მცველს შორის დაუხვედრა ფეხი და კარს ააცილა.
პირველ ტაიმში გორელები კონტრშეტევებით იჩენდნენ თავს, მაგრამ მათი იერიშების ჩაშლას ძირითადად ტორპედოელი მცველები ახერხებდნენ, განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო დაჩი ფოფხაძის უშეცდომო თამაში.
მეორე 45 წუთის დაწყებისთანავე სეთურიძის მაგივრად კირკიტაძე შევიდა მოედანზე, რომელიც ენერგიულად ჩერთო თამაშში.
53’ – „დილას“ თადვამსხმელის საჯარიმო დარტყმული ბურთი მიგინეიშვილის ნადავლი გახდა.
57’ - გია თოდუამ მიგინეიშვილს დაასწრო ბურთზე თამაში და როგორც ჩანდა, ცარიელ კარში ბურთი უპრობლემოდ უნდა შეეგორებინა, მაგრამ თავდამსხმელი საბედისწეროდ შეცდა და შიდა ქართლელებს ნაადრევი ზეიმი "ჩაუშხამა".
59’ - ქუთაისელი 10 ნომრის დარტყმული ბურთი გაჭირვებით შეიმაგრა მერლანმა.
61’ - გიორგი კიკნაძემ ბოლო ცვლილება მოახდინა, თავდასხმის რგოლის გასაძლიერებლად დავით დიღმელაშვილის მაგივრად ნიკა საბანაძე გამოვიდა.
72’ - იმერლები მწყობრად გადავიდნენ იერიშზე, დავით ბოლქვაძემ კარიდან დაახლოებით 30 მეტრი მანძილიდან ბრწყინვალედ გაისრტყორცნა ბურთი და მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში შეაგდო 0:1.
81’ – „ტორპედო“ მიგინეიშვილმა გოლისგან კიდევ ერთხელ იხსნა, ამჯერად ომარმა ფეხით აუღო მოწინააღმდეგე მოთამაშეს.
91’ - მეტოქის საჯარიმოს მარცხენა მხარეს მყოფმა დავით კირკიტაძემ ტექნიკური დარტყმით მეკარეს თავზე გადაუგდო, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა. მალევე მსაჯის საფინალო სასტვენის ხმა გაისმა და ქუთათურებმა სეზონის პირველ წარმატებას 10 კაცით მიაღწიეს.