მთავარი არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი(თბილისი), ასისტენტები: ზაზა ფიფია(გალი)/ბესიკ ჭიჭინაძე(თბილისი), სათადარიგო მსაჯი: ირაკლი ურუშაძე(ლანჩხუთი)
მატჩის შესახებ
გუნდები ერთადერთხელ, ისიც მაღალი რანგის თამაშში შეხვდნენ და იცით, "გაგრამ" შეხვედრის ფავორიტს თასის ფინალის დამატებით ტაიმში სძლია (1:0). ამგვარად, ქუთაისელებს უწინდელი წყენა არ უნდა დავიწყებოდათ და გაგრელებთან მოედანზე მოსაგებად შემართულები გავიდნენ.
მატჩი საინტერესო და სახიფათო მომენტებით დატვირთული გამოდგა. თამაში ქარის ფონზე მიმდინარეობდა.
ტრადიციულად, "მერანის" სტადიონზეც ქუხდა ქუთაისური ქომაგთა კლუბი "ტორნადო".
4' - გაბედავას თავურმა ტორპედოელი მცველისგან დატოვა მოედანი.
11' - დიღმელაშვილმა შორი დისტანციიდან მოსინჯა სეფიაშვილის მზადყოფნა, მაგრამ უშედეგოდ.
13' - გიორგი დათუნაიშვილმა ბურთი კარგად დაიჭირა საჯარიმოში, მცველის მეურვეობის მიუხედავად, ბურთი მაინც გაგზავნა კარისკენ და ანგარიში გაიხსნა - 1:0.
16' - ბოლქვაძემ მეტოქის საჯარიმოს რკალიდან დაარტყა ბურთი, რომელიც მეკარემ ამჯერად მოიგერია.
18' - დოლიძის ჩაწოდებულ ბურთს დათუნაიშვილმა ფეხი მიაყოლა, მაგრამ სეფიაშვილმა იგი კუთხურზე გადააგდო.
25' - ტორპედოელებმა პირველად დაარღვიეს თამაშის წესი. სახიფათო საჯარიმო დარტყმის შემდეგ, გაგრელებმა ბურთი ცოცხალ კედელს ვერ ააცილეს.
მოკლეხნიან მონაკვეთში, მიგინეიშვილი ორჯერ დაეუფლა მეტოქისაგან დარტყმულ ბურთს.
57' - სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შესული შარიქაძის დარტყმული ბურთი, ხარიხამ უკან გამოაგდო.
ხუთ წუთში უკვე ტორპედოელი დოლიძის შორიდან მოხდენილად გასროლის შემდეგ, ურეაქციოდ დარჩენილი სეფიაშვილის კარი ძელმა იხსნა.
84' - კიდევ ერთი ძელი - ამჯერად მან ნაკონეჩნის დარტყმის შემდეგ მოიგერია ბურთი. "ტორპედო" აშკარა გოლს გადაურჩა.
დარჩენილ დროში ქუთათურები ბურთს უკეთ აკონტროლებდნენ და გია გეგუჩაძის თავკაცობით პირველი, მიმდინარე ჩემპიონატში კი მე-4 გამარჯვება იზეიმეს.
აღნიშნული მატჩი ორი ტორპედოელისთვის აღმოჩნდა საიუბილეო. უმაღლეს ლიგაში თავისი 250-ე შეხვედრა გამართა დავით ბოლქვაძემ (მის ანგარიშზე 30 გოლია), ხოლო კიპერმა ომარ მიგინეიშვილმა, უმაღლეს ლიგაში მისი 50-ე (მათგან 22-ში კარი "მშრალად" შეინახა) მატჩი ითამაშა. სასიამოვნოა, რომ ფეხბურთელებს გუნდმა იუბილე ამ მატჩის მოგებით მიულოცა.