მთავარი არბიტრი: ირაკლი ურუშაძე(ლანჩხუთი), ასისტენტები: ზვიად ერქვანია(ზუგდიდი)/დავით კურტანიძე(სურამი), სათადარიგო მსაჯი: ჯენერ ხორავა(ხობი)
მატჩის შესახებ
მატჩი "ცენტრალურისთვის" უჩვეულო დროს, 14 საათზე დაიწყო და რადგანაც თამაშზე დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეეძლო, აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, სტადიონზე არც თუ ისე მცირერიცხოვანმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩის მიმდინარეობას, მასში სტუმრები მონდომებულად ცდილობდნენ შემდეგ ეტაპზე გასვლას, მაგრამ ზოგჯერ მეკარე ქვილითაია ირჯებოდა საიმედოდ და ზოგჯერ თვითონ ბათუმელებს უჭირდათ უკანასკნელ ფაზაში შეტევების დაგვირგვინება.
სახიფათო იერიშები კარში დარტყმით იშვიათად სრულდებოდა, თუმცა ამ კომპონენტში სტუმრები მასპინძლებზე მეტად აქტიურობდნენ.
18' - გაბრიჭიძე შევიდა ტორპედოელთა საჯარიმოში. იქ მარტო ყოფნის მიუხედავად დარტყმა იჩქარა და ბურთს ქვილითაია დახვდა, რომელმაც იგი კუთხურზე გადააგდო.
28' - თემურ ფარულავამ "ტორპედოს" ნახევრიდან მეტოქის საჯარიმოს მარცხნიდან შეუტია ბურთიანად. იქ დროულად მონახა გიორგი მეგრელაძე, რომელმაც ჩაწოდებული ბურთი ერთი შეხებით კარში გადაამისამართა და ეფექტური გოლი გაიტანა - 1:0.
31' - ცანავას ძლიერი დარტყმა ტორპედოელმა კარის დარაჯმა ხელებში "გააქვავა".
40' - ჩიკვილაძის პასით საბანაძე ცრუ მოძრაობით ორ ოპონენტ მცველს გასცდა, კარშიც დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
53' - საბანაძემ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ჰაერიდან "ჩამოიღო", დაამუშავა და კარშიც დაარტყა, მაგრამ მეკარე მამინაშვილმა ბურთი არ გაუშვა.
63' - "დინამო" მეორე გაშვებულ გოლს გადაურჩა - ბურთი იოსელიანმა ჩაჰკიდა საჯარიმოში, სადაც მეგრელაძემ დაუხვედრა თავი და სანტიმეტრებით ააცილა კარს.
85' - მოედანზე შვიდი წუთის შესული ახალგაზრდა ფეხბურთელი ნიკა დიასამიძე, ქვილითაიასთან პირისპირ გავიდა, დაარტყა და ბურთი მეკარისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა - 1:1.
დარჩენილ დროში სტუმრებს კიდევ ერთხელ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ქვილითაია დამაჯერებლად ასრულებდა თავის მოვალეობას და ანგარიში იგივე დარჩა 1:1. "ტორპედომ" "ადელზე" მოპოვებული გამარჯვების შედეგად ორმატჩიანი დუელი წარმატებით დაძლია და მეოთხედფინალში მის მეტოქეს ელოდება.